სკურჩის, ფსხუს, მარიამჯვრისა და ქობულეთის ნაკრძალები
ნაკრძალის შექმნით ოდესღაც ფლორისა და ფაუნის დაცვა-შენარჩუნებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჩვენი ვალი ამით არ ამოიწურა საქართველოს ბუნების წინაშე...ამ ყველაფერს მოვლა და პატრონობა დღესაც სჭირდება, ხვალაც დღის წესრიგში იდგება და ეს მუდამ ასე გაგრძელდება. ნაკრძალების სახელწოდებები და ფართობები კი არ უნდა ვიმახსოვროთ, არამედ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ნაკრძალის შექმნის იდეა და დანიშნულება გამართლებული იყოს. ახლა კი იმ ნაკრძალებზე მინდა გიამბოთ რომელზეც ჯერ რატომღაც არაფერი გვითქვამს.
1. სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი-ნაკრძალი აფხაზეთში, ზღვის სანაპირო ვაკეზე სოფელ წყურგილსა და სკურჩის შორის, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი 1971 წელს დაარსდა და მისი ფართობი 85 ჰას. შეადგენს. აქედან 63,5 ჰა არის ტყით დაფარული.აქ რელიქტიური მცენარეები ხარობს, როგორებიცაა: კოლხური სურო, ჯონჯოლი, შქერი, კოლხური ლეღვი, კოლხური ბზა და სხვა. ბამბუკი და ევკალიპტი არის გაშენებული რამდენიმე ჰექტარზე.ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან შევხვდებით: კურდღელს, ხოლო ფრინველებიდან: შავ შაშვს, კოდალას, თოლიასა და სხვას.
2.ფსხუ-გუმისთის ნაკრძალი- გუმისთის ნაკრძალი სოხუმის რაიონში, მდინარე გუმისთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კავკასიონის მთავარი ქედის ფერდობებზე მდებარეობს.ნაკრძალის შექმნის მიზანი არის ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა აფხაზეთში.იგი 1978 წელს დაარსეს და მისი ფართობი 13 400 ჰა.-ს შეადგენს. ფსხუს ნაკრძალი, რომელიც არის გუმისთის მეზობლად 1978 წელს დაარსეს და მისი ფართობი 27 334 ჰას შეადგენს. ნაკრძალი მდინარე ფსხუს ქვაბულში არის მოქცეული, რომელიც ერთი მხრიდან კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო მეორე მხრიდან ბზიფის ქედით არის გარშემორტყმული. მისი შექმნის მიზანი არის წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა აფხაზეთში.
3.ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი-ნაკრძალი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს და ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავს. იგი გამოირჩევა ფრინველებითა და ცხოველებით. მისი შექმნის მიზანი არის წყლის ფრინველთა საბინადროდ უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენა, აქ წლიური ნალექიანობა არის 1500-2500 მმ. ნალექები ნაკრძალში ხშირად მოდის შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე. ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავლად არსებულ ჭაობებში შევხვდებით: სფაგნუმის სახეობებს ეგრედ წოდებულ იმერულ ისლებს, რინხოსპორებს, წყლის სამყურას, ტორფის ისლსა და სხვას. აქ იზრდება ასევე კოლხური მცენარეები:იელი, ეკალღიჭი, შქერი და სხვა. ქობულეთის ნაკრძალში ასევე შევხვდებით სამეფო გვიმრასაც.
4.მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი-ნაკრძალი ქალაქ საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე, სოფელ ანთოკის ჩრდილოეთით, ცივ-გომბორის ქედის კალთებზე მდებარეობს. მისი ფართობი 1022,5 ჰას შეადგენს და მისი დაარსების მიზანი არის კავკასიის რელიქტის-სოსნოვსკის ფიჭვის ლანდშაფტების დაცვა და შენარჩუნება.ფიჭვის ხეების ვარჯებს მეტყევე მეცნიერები ყოფენ პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებრს. ნაკრძალში არის გავრცელებული 50-მდე სახეობის ხე, აქ შევხვდებით: ქართულ მუხას, რცხილს, მუყრანსა და სხვას. ქვეტყეს კი ქმნის: მაყვალი, თხილი, ზრმარტლი, შინდი და ტუნელი. ცხოველებიდან გვხვდება: მაჩვი, მელა, კატა, კვერნა და სხვა, ხოლო ფრინველებიდან კი: გუგული, ძერა, ტყის ბუ და სხვა. ნაკრძალებსი ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა დიდ მასალას გვაძლევს ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებისთვის.მოსახლეობისთვის თანდათან ნათელი ხდება,რომ ეს ნაკრძალები მარტო დაცული ტერიტორიები არ არის და მათ დიდი ფუნქცია და მოვალეობა აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий